ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ექვსი დღის განმავლობაში ზედიზედ მესამე მატჩს გამართავს. ბელარუსთან და სომხეთთან დაპირისპირებების შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა. ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია – გუნდმა C2 ჯგუფში გასამარჯვვებლად, ეს მატჩი უნდა მოიგოს.
გაირკვა, რომ უეფამ შეხვედრის განსჯა პოლონელ მსაჯთა ბრიგადას მიანდო, მთავარი არბიტრი ბარტოშ ფრანკოვსკი იქნება – შედარებით ახალგაზრდა, 1986 წელს დაბადებული მსაჯი, რომელსაც ჯერ არც ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირზე არ უმუშავია.
ფრანკოვსკიმ 2018 წლიდან მოყოლებული 9 სანაკრებო მატჩი განსაჯა, მათგან სამში მეოთხე მსაჯი იყო, ხოლო ექვსში – მთავარი არბიტრი. ამ რანგში ორჯერ 18-წლამდელთა ნაკრებების მატჩს მოემსახურა, ერთხელ – ახალგაზრდულ ნაკრებების თამაშს, სამჯერ – ეროვნულ ნაკრებებს. ბოლოს 7 სექტემბერს ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიისა და ნორვეგიის მატჩი განსაჯა, რომელიც სტუმრებმა 5:1 მოიგეს.
მთავარი არბიტრის როლში ჩატარებულ ექვს მატჩში მან ყვითელი ბარათი 19-ჯერ გამოიყენა, ერთხელ – წითელი ბარათი. ანუ საშუალოდ თამაშში 3,16-ჯერ იყენებდა, რაც მეტყველებს, რომ პოლონელი არბიტრი განსაკუთრებით მკაცრიც არ უნდა იყოს.
ფრანკოვსკი საქართველოს არც ასაკობრივი და არც ეროვნული ნაკრებების მატჩს არ მომსახურებია. მხოლოდ ერთხელ გამოგზავნა უეფამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკლუბო დონეზე – გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში. მაშინ ის საერთაშორისო კარიერას იწყებდა. 2015 წლის 21 ივლისს, გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე სერბული, ბელგრადის „პარტიზანთან“ 0:2 დამარცხდა. მაშინ ბარტოშ ფრანკოვსკი მეოთხე მსაჯი გახლდათ. იმ დღეს გორის „დილაში“ ჩვენი ნაკრების მცველმა, გიორგი ნავალოვსკიმ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
უეფას ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფს 5-5 ქულით ლიდერობენ ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო, რომელთაც პირველი შეხვედრა თბილისში 1:1 დასრულდა. მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.