საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივით, 10 ივლისს ევროფეხბურთის დღე გაიმართება #1TVSPORT
მცირე ხნის წინ დაარსებული საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივით, ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინა დღეს, 10 ივლისს, ევროფეხბურთის დღე გაიმართება სლოგანით – „შემოგვიერთდით! ერთად ვიზეიმოთ ფეხბურთის დღე!“ და ამხანაგური მატჩები ჩატარდება ფორმატით – „საქართველო vs ევროპა“.
საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ ბოქოლიშვილის ცნობით, საქართველოს წარმოადგენს მედიანაკრები, ასევე ითამაშებს საქართველოს ბიზნესმენთა ნაკრები, ევროპის გუნდები დაკომპლექტებულნი იქნებიან საელჩოების, საერთაშორისო წარმომადგენლობების, კომპანიების თანამშრომლებით.
პირველი შეხვედრა გაიმართება მინი ფეხბურთის წესებით, მეორე სიარულით ფეხბურთის (Walking Football) წესებით. მეორე შეხვედრაში მონაწილეები მხოლოდ 50 წლის ასაკის ზემოთ დაიშვებიან.
სიარულით ფეხბურთს საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს ინგლისში და ასაკოვანი მოსახლეობის საყვარელ გასართობად იქცა. სპორტის სახეობამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა და დღეს სიარულით ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანდნენ ინგლისი, იტალია, აშშ, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ბრაზილია, ესპანეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, უელსი და სხვა.
სულ მალე ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი საქართველოც გახდება – ჩვენთან სიარულით ფეხბურთის ასოციაცია მაისში დაფუძნდა, რომლის პრეზიდენტია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი ზურაბ აგლაძე, ხოლო გენერალური მდივანი სპორტულ სამყაროში ცნობილი მენეჯერი ზურაბ ბოქოლიშვილი.