საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერზე ორი თამაში ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები დუბაიში მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის პირველ ეტაპზე თამაშობს.
საქართველო A ჯგუფში ურუგვაისთან, ჰონკონგშს და პაპუა ახალ გვინეასთან მოხვდა; B ჯგუფში იაპონია, ტონგა, ჩილე და პორტუგალია თამაშობენ; C ჯგუფში – კენია, გერმანია, უგანდა და მექსიკა.
12 იანვარს ქართველმა მორაგბეებმა ორი თამაში ჩაატარეს. პირველ მატჩში ბესიკ ხამაშურიძის გუნდის მეტოქე ურუგვაის ნაკრები გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ქართველი მორაგბეები 0:10 მარცხდებოდნენ, მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და საბოლოოდ 12:10 გაიმარჯვეს.
მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჰონკონგთან 7:19 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის მესამე შეხვედრაში 13 იანვარს პაპუა ახალ გვინეას დაუპირისპირდება.
2024 წლის ჩელენჯერის სერია სამ ეტაპად გაიმართება და თითოეულ მათგანში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პირველი ეტაპის მატჩები 12-14 იანვარს დუბაიში გაიმართება, მეორე ეტაპი 8-10 მარტს მონტევიდეოში (ურუგვაი) ჩატარდება, ხოლო დასკვნითი, მესამე ეტაპის მატჩებს 18-19 მაისს მიუნხენი (გერმანია) უმასპინძლებს. სამი ეტაპის ჯამში ოთხი მოწინავე ნაკრები, მსოფლიო სერიის მე-9-მე-12 ადგილოსნებთან ერთად, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ფინალურ ტურნირს ითამაშებს და ოთხი საუკეთესო 12-გუნდიანი ელიტის სერიის საგზურს მიიღებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის დუბაის ეტაპზე:
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, საბა იმედაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თორნიკე აქუბარდია, თემურ კოხოძე, ლუკა ალიბეგაშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე.