საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ესპანეთში ტურნირი მოიგო #1TVSPORT
საქართველოს შვდკაცა რაგბის ნაკრებმა ბენიდორმის (ესპანეთი) საერთაშორისო ტურნირზე ექვსიდან ექვსი თამაში მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
პირველ სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. საქართველომ სამივე თამაში დიდი სხვაობით მოიგო – ქართველმა მორაგბეებმა „ჩილესთან“ 40:0, „ბელგიელ ბარბაროსებთან“ 45:0 და „ვიატორ ბარბაროსებთან“ (ესპანეთი) 36:0 მოიგეს.
მეოთხედფინალში ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა სამხრეთაფრიკულ „ოლ სტარს“ 17:12 სძლიეს და ნახევარფინალში ლიეტუვის ნაკრებს შეხვდნენ, რომელიც 14:5 დაამარცხეს.
ფინალში საქართველო კვლავ მასპინძელ „ვიატორ ბარბაროსებს“ დაუპირისპირდა. ჯგუფური ეტაპის მატჩისგან განსხვავებით, ესპანელებმა ამჯერად ქართველ მორაგბეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ქართველებს დარჩათ – 15:12 და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობა ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე:
სერგი ჩხაიძე, რომან მახათაძე, ალექსანდრე ტატიშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჭუაძე, ირაკლი სიმსივე, გიორგი ნავროზაშვილი, გიორგი ჯობავა, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით იმნაძე, ლევან ნარიმანიძე, იოსებ გუშარაშვილი.
7-9 ივნისს საქართველოს ნაკრების რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ხორვატიაში ითამაშებს. A ჯგუფში ქართველების მეტოქეები გერმანია, ხორვატია და ირლანდია იქნებიან. B ჯგუფში – პორტუგალია, იტალია, უკრაინა და საფრანგეთი, ხოლო C ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლიეტუვა და ესპანეთი ითამაშებენ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაიმართება.