საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები დუბაიში გაემგზავრა, სადაც 12-14 იანვარს 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის პირველ ეტაპზე ითამაშებს.
2024 წლის ჩელენჯერის სერია სამ ეტაპად გაიმართება და თითოეულ მათგანში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პირველი ეტაპის მატჩები 12-14 იანვარს დუბაიში გაიმართება, მეორე ეტაპი 8-10 მარტს მონტევიდეოში (ურუგვაი) ჩატარდება, ხოლო დასკვნითი, მესამე ეტაპის მატჩებს 18-19 მაისს მიუნხენი (გერმანია) უმასპინძლებს. სამი ეტაპის ჯამში ოთხი მოწინავე ნაკრები, მსოფლიო სერიის მე-9 მე-12 ადგილოსნებთან ერთად, 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ფინალურ ტურნირს ითამაშებს და ოთხი საუკეთესო 12-გუნდიანი ელიტის სერიის საგზურს მიიღებს.
დუბაის ეტაპზე საქართველო A ჯგუფში ურუგვაისთან, ჰონკონგთან და პაპუა ახალ გვინეასთან ითამაშებს; B ჯგუფში იაპონია, ტონგა, ჩილე და პორტუგალია მოხვდნენ; C ჯგუფში კენია, გერმანია, უგანდა და მექსიკა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის დუბაის ეტაპზე:
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, საბა იმედაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თორნიკე აქუბარდია, თემურ კოხოძე, ლუკა ალიბეგაშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
ბესიკ ხამაშურიძე (საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელი): „ჯგუფურ ეტაპზე უმთავრესი მეტოქე ურუგვაი იქნება, რომელმაც 2022 წლის შესარჩევი ტურნირის ფინალში ჩვენთან მოგების შემდეგ ორი წელი სერიაში ითამაშა და დიდი გამოცდილება შეიძინა. ჰონკონგი პაპუა ახალ გვინეაზე უკეთესი გუნდია, თუმცა ორივე გვყავს დამარცხებული და ახლაც იმავეს იმედი გვაქვს.
მთლიანობაში საკმაოდ ძლიერი ტურნირია და მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი კენია იქნება, რომელსაც შვიდკაცაში დიდი გამოცდილება აქვს. კარგი გუნდები ჰყავთ ტონგას, იაპონიას, ასევე გერმანიასა და პორტუგალიას. თუმცა ვფიქრობ, მიზნის მიღწევა შეგვიძლია. სამი ეტაპის ჯამში მოწინავე ოთხეულში უნდა მოვხვდეთ, რათა ესპანეთში გასამართი ფინალური ტურნირის საგზური მოვიპოვოთ“.