საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ზიმბაბვეში საერთაშორისო ტურნირი მოიგო
საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ზიმბაბვეში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

რაგბიში საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში ერთკვირიანი შეკრება დაასრულა და ზიმბაბვეში გაემგზავრა, სადაც 10-გუნდიან საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.

ჯგუფურ ეტაპზე ქართველებმა ოთხი შეხვედრა გამართეს და ოთხივე მოიგეს. მორაგბეებმა ჯერ „გოშჰოქსი“ დაამარცხეს, შემდეგ „მბარე აკადემია“, მესამე დაპირისპირებაში მალავის ნაკრებს სძლიეს და ჯგუფის ბოლო მატჩში უგანდას აჯობეს.

„ბორჯღალოსნები“ ტურნირის ფინალში სამხრეთ აფრიკულ „ჩიტაზს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 19:14 დაამარცხეს. მატჩის პირველი ლელო სამხრეთაფრიკელებმა დადეს. ქართველებმა ანგარიში სვანიძის ლელოთი გაათანაბრეს. პირველი ტაიმის ბოლოსკენ „ჩიტაზმა“ კიდევ ერთი ლელო დადო და წინ მეორედ გავიდა.

მატჩის დასრულებამდე წუთნახევარი რჩებოდა, როდესაც ხანგრძლივი შეტევის შემდეგ, ჭუაძემ ლელო დადო და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა. ქართველებმა გამარჯვების ლელო მატჩის ბოლო შეტევაში დადეს. შეხვედრისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ევროპის გრან პრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება.