საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშეს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
„შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ახლად დანიშნულ სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის მოადგილეები – პოლკოვნიკი დავით ბიწკინაშვილი და პოლკოვნიკი გივი გორდაძე, ასევე, სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი რედ კრისტენსენი და აშშ-ის საელჩოს საზღვაო მრჩეველი სტივენ ბაუერი ესწრებოდნენ“, – ნათქვამია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაში.