საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოსადმი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას 24 აპრილით დათარიღებულ მიმართვას ავრცელებს

00:15, 29.04.2026

საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსადმი (მუჯირი) ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მიმართვას ავრცელებს.

24 აპრილით დათარიღებული მიმართვა ეხება საეკლესიო დებულებას, რომელიც საპატრიარქო კანდიდატისთვის საღვთისმეტყველო განათლებას ითხოვს.

მიმართვაში მიტროპოლიტი ისაია აღნიშნავს, რომ მისი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა და ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა, ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.

მიტროპოლიტმა ისაიამ საკუთარი კანდიდატურის დაყენების სურვილი გამოთქვა და სინოდს მიმართა, მსჯელობისას მის მიერ მოყვანილი გარემოებები გაეთვალისწინებინა.

„მაღალყოვლადუსამღვდელოესო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, მეუფე შიო, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო,

დღევანდელი შეკრება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ჟამია. მსურს, ამ პასუხისმგებლობით აღჭურვილმა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ საკითხზე, რომელიც კანონიკურ სამართლიანობასა და მღვდელმთავრის ხარისხის პატივისცემას ეხება.

საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მხოლოდ ფორმალური კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა. მსურს, წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეკლესიის მრავალწლიან პრაქტიკას:

როდესაც 1995 წელს წმინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად, ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისთვის. ეპისკოპოსი, თავისი არსით, არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებშიც.

ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვესწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად, სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი.

ყოველ მღვდელმთავარს აქვს კანონიკური უფლება, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა. ამ უფლების შეზღუდვა ფორმალური მიზეზით, გარკვეულწილად, თავად ეპისკოპოსის ხარისხის მნიშვნელობას აკნინებს. თუ ჩვენ მაშინ მიგვიჩნიეს ღირსად ეპისკოპოსობისა, დღესაც უნდა გვქონდეს უფლება, წარვდგეთ არჩევნებში.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მსურს, დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მე არ ვეძებ პატივს, არამედ მსურს, დავიცვა ის პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია.

გთხოვთ, თქვენს მსჯელობაში გაითვალისწინოთ ეს გარემოებები, რათა არჩევნების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და მოიცავდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც წლებია, ეკლესიის ტვირთი მხრებით უტარებია“, – წერია მიტროპოლიტ ისაიას მიმართვაში.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 28 აპრილის სხდომის ოქმი გაავრცელა.

სინოდის ოქმის მიხედვით, სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის ასაკსა და განათლებასთან დაკავშირებული საკითხები დაისვა, თუმცა წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა ორივე საკითხის განხილვის შეწყვეტას.

სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეორე პუნქტთან მიმართებით მოცემულ ვითარებაში, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება“.

საქართველოს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს. ესენი არიან:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);

კენჭისყრაში სულ პატრიარქობის ექვსმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.

კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 20 ხმა;

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა;

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – 0 ხმა;

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე) – 1 ხმა;

წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) – 2 ხმა.

ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.

მომავალ პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევენ, რომელიც 17 მაისამდე უნდა გაიმართოს. გაფართოებული კრების თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი