საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.

ქართველი პარლამენტარები საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრისა და აშშ-ის კონგრესის წევრების წერილის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„რაც შეეხება კონგრესმენების წერილს, მასში იგრძნობა საქართველოს მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის სულისკვეთება, რასაც ყველანი ძალიან ვაფასებთ. აქვე აუცილებელია, ითქვას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად განაპირობებს ვაშინგტონში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდებას. რადიკალური ოპოზიციის მიერ საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების დესტრუქციული ნაბიჯებისა და მიზანმიმართული მცდელობის საპასუხოდ, ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში კომუნიკაციას და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.