საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებს დელეგაციის წევრებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„ეუთო- მეგობარი ქვეყნების ელჩებთან საუბარი ძირითადად ეხებოდა საქართველოს უსაფრთხოების თემატიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, მოგეხსენებათ, ეუთო-სთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება დღეს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის მხრიდან გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებზე. ასევე განხილვის თემა იყო შიდაპოლიტიკური ვითარება, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე, გავაცანით მათ საარჩევნო რეფორმის შედეგები, ანუ ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირის მიერ წინა არჩევნებზე იყო მიცემული საქართველოს ხელისუფლებისთვის და როგორც იცით, ეს რეკომენდაციები შესრულებულია უკვე. ასევე, საუბარი იყო დაგეგმილ რეფორმებზე, პარლამენტის დღის წესრიგზე, როგორც მომავალი წლისთვის, ასევე 2024 წლამდე განსახორციელებელი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო-ში მეგობარი ქვეყნების ელჩების უდიდესი უმრავლესობა ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანას წარმოადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ, კანადის, დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ეუთო-ში დიდი მადლობა გადაგვიხადეს ავღანეთში ჩვენი მისიისთვის და არა მხოლოდ სამხედრო მისიისთვის, არამედ იმ როლისთვის, რომელიც ჩვენ შევასრულეთ ჰუმანიტარული ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად და საევაკუაციო რეისების განსახორციელებლად და ამით, მათი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის დასავლეთისთვის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში“, – განაცხადა ქართული დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.