საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იუუმი ოშიკავასთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მიმდინარე წელს მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე.

„მაისის თვეში ჩვენს ქვეყანაში იუუმი ოშიკავას ვიზიტის შემდეგ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, მათ შორის: ინვესტიციების  დაცვის შესახებ, ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, რაც საკმაოდ სოლიდურ ბაზას ქმნის საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საპარლამენტო დონეზე.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, საუბარი შეეხო ორივე ქვეყნისთვის მტკივნეულ თემას, რომელიც ეხება ტერიტორული მთლიანობის საკითხს.

„მინისტრის მოადგილემ გაგვაცნო მათი სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯები, რომელიც იაპონიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთთან მიმართებაში გადადგა. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ანექსიის საფრთხეებზე. იუუმი ოშიკავამ კიდევ ერთხელ მყარად დაგვიდასტურა, რომ იაპონია არის საქართველოს ტერიტორული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი და ასევე, მათი მხრიდან გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენ მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად წარმატებული“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხს.

„შევთანხმდით, რომ უფრო მეტი კოორდინაცია გვექნება ამ მიმართულებითაც და გამოითქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში შედგეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძე.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან  გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ბექა ოდიშარია.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.