საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბულგარეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბულგარეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბულგარეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან, ეკატერინა ზახარიევასთან და დანიელ ლორერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ბულგარეთის პარლამენტის წევრებმა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონში წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბულგარეთში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ქარუმიძის და კომიტეტის წევრის, სალომე ქურასბედიანის შემადგენლობით იმყოფებოდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.