საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები ამერიკელ კანონმდებლებთან გამართეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე ქართული დელეგაციის წევრებმა ყურადღება დაუთმეს ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, დეოკუპაციის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების და ევროატლანტიკური მისწრაფების საკითხების განხილვას.

„ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შესახებ. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის ფასდაუდებელი როლი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

პრიორიტეტულ თემას აგრეთვე განეკუთვნებოდა ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის უმაღლეს დონეზე პერმანენტული შენარჩუნება, მათ შორის, რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართულებით“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას დაუდასტურეს შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსადმი, რომლის ნათელი დადასტურებაა კონგრესის მიერ მიღებული არაერთი რეზოლუცია და საკანონმდებლო აქტი.

დელეგაციის წევრების თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ის კონგრესს შორის ურთიერთობის გაძლიერება და გაღრმავებაა.

დღის ბოლოს კონგრესში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა, რომელსაც კონგრესმენები ადამ კინზინგერი, რიკ ლარსენი, სტივ კინგი და ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რითაც ვიწყებდით საუბარს, ეს არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ჩვენ ბოლომდე ავუხსენით მათ, ვინც უფრო ნაკლებად იცნობდა ამ სიტუაციას, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგევართ და ვთხოვეთ, რომ ნებისმიერი ფორმატი გამოვიყენოთ. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ.

„ჩვენ გვქონდა დეტალური საუბრები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, მათი განვითარების, გაღრმავების და შემდგომი განმტკიცების პერსპექტივები, ისევე, როგორც ისეთი გამოწვევები, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მათი მზარდი მილიტარიზაცია და ისეთი პრიორიტეტები, როგორიც არის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

„საუბარი გვქონდა თემებზე, რომლებიც ამ ურთიერთობებს უკავშირდება. ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ბუნებრივია, დაინტერესებული არიან ამ პროცესებით“, – განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია შედიან.

დატოვე კომენტარი