საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატო-ს სერტიფიცირების პროგრამის მეორე დონის შეფასება გაიარეს
საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატო-ს სერტიფიცირების პროგრამის მეორე დონის შეფასება გაიარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატო-ს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ორი ჯგუფი ნატო-ს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) 2017 წელს ჩაერთო. ჯგუფების სერტიფიცირების პროცესი ორ დონესა და ოთხ საფეხურს [SEL1, NEL1, SEL2, NEL2] მოიცავს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ნატო-ს საზღვაო ძალებთან. შეფასების პროცესის დასრულება დაგეგმილია 2021 წელს, რის შემდეგაც საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატო-ს საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები. 2019 წლიდან აღნიშნულ პროცესში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები, აილენდის კლასის სადარაჯო ხომალდები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირეც“ ჩაერთნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, შეფასების პროცესის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი.

„განახლდა ტაქტიკური ქვედანაყოფების წარმომადგენელთა პირადი აღჭურვილობა. ჯგუფები აღმოჩენისა და კომუნიკაციის, ასევე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური საშუალებებით აღიჭურვნენ. განახლდა შეიარაღებაც – საბჭოთა წარმოების იარაღი ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი, თანამედროვე იარაღით შეიცვალა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვის პროცესი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამისა (EXBS) და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.