საქართველოს საკონსულომ ნიუ იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გამართა​
საქართველოს საკონსულომ ნიუ იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გამართა​

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ნიუ იორკში ორგანიზება გაუწია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა კონსულმა, დიანა ჟღენტმა სტუმრებისადმი მიმართვაში ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე უცხოეთში მოღვაწე ქართველებისთვის. გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა საქართველოს დღევანდელ წარმატებებს და აღნიშნა ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს განვითარებაში.

სტუმრებს ვიდეოჩანაწერის საშუალებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა სტუმრებს წარუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტი სახელწოდებით „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომელიც მიზნად ისახავს ქართული დიასპორის ჩართვას სამშობლოსთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობაში. მინისტრმა ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ კონკურსებზე, რის მეშვეობითაც დაფინანსდება ქართული დიასპორის წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტი.

სტუმრებს ასევე მიმართა საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდა ქართული დიასპორა, ნიუ იორკში არსებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს ამერიკელი მეგობრები. ღონისძიების მიმდინარეობისას გენერალურმა საკონსულომ წარმოადგინა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ვირტუალური საქართველო“. უცხოელ და ქართველ სტუმრებს მიეცათ საშუალება, სპეციალური ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით დაეთვალიერებინათ საქართველოს კუთხეები.