საქართველოს საგარეო უწყება - რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ
საქართველოს საგარეო უწყება - რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ

დღეს რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუმინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, ითვალისწინებს რა 2022 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის პრინციპებისა და მიზნების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია შავ ზღვაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კონსოლიდაციისათვის დაკავშირებადობის როლი, აგრეთვე, მისი მნიშვნელობა ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისათვის. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი დემოკრატიული ტრანსფორმაციის სტიმულირებისათვის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და დასავლეთ ბალკანეთში.

ამასთან, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაფართოება დაეფუძნება კანდიდატების ინდივიდუალურ ძალისხმევას და მათ დამსახურებას, შეასრულონ აღებული ვალდებულებები ევროპული ღირებულებების შესაბამისად.

„რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესს და ასევე მოუწოდებს, გაგრძელდეს ევროპული მხარდაჭერა, რათა საქართველომ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს სულისკვეთება ეფუძნება საქართველოს მოქალაქეების მკაფიო პროევროპულ ორიენტაციას და ასევე მოლოდინს, რომ საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ევროკომისიის რეკომენდაციების ყოვლისმომცველი და მდგრადი განხორციელებისთვის. რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის მზარდი ძალისხმევის აუცილებლობაზე აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, ასევე, ხაზს უსვამს ევროკავშირთან დაკავშირებადობის ყველა განზომილების განვითარების საჭიროებას რეგიონის ქვეყნებისთვის. რუმინეთის პარლამენტი გამოხატავს კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის და მხარდაჭერის სრულ მზაობას, ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ხელშესაწყობად“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.