საქართველოს საგარეო უწყება - გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გრენადის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ჯოზეფ ანდალს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა და მხარეებმა დაინტერესება გამოხატეს, ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
„მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, მათ შორის, ტურიზმის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ინსტიტუციური რეფორმების და ელექტრონული მმართველობის სფეროში.
20 სექტემბერს ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ტიმორ-ლესტეს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ბენედიტო ფრეიტასთან.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ტიმორ-ლესტეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც, მხარეთა შეფასებით, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურებით. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა სხვადასხვა რეგიონულ პლატფორმებში. მინისტრები მიესალმნენ გაერო-ს ფარგლებში ორი ქვეყნის მჭიდრო კოორდინაციას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.