საქართველოს საგარეო უწყება - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი
საქართველოს საგარეო უწყება - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტროს ცნობით, 11 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ (Foreign Affairs Council- FAC) მიიღო დასკვნითი დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც შეფასებას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ პოლიტიკას აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებაში და სახავს მათთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტი ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

„დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მთავარ პრინციპებზე – დიფერენციაციასა და ინკლუზიურობაზე და აღნიშნულია, რომ გაგრძელდება თითოეულ ქვეყანაზე მორგებული ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობა, რომლის მასშტაბსა და ხარისხს ევროკავშირი და პარტნიორები განსაზღვრავენ საერთო პრიორიტეტების მიხედვით.

აღნიშნული დასკვნითი დოკუმენტი მოიცავს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის აღიარებას და ევროკავშირის მხრიდან პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას.

დასკვნებში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის როლი რეგიონის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების გადაჭრის პროცესში.

საქართველოსთან თანამშრომლობის კონტექსტში, მოცემულ დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული ის ფაქტი, რომ საბჭო მიესალმება პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების კუთხით. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის მზაობა, რომ ხელი შეუწყოს ასოცირებული ქვეყნების შემდგომ დაახლოებას ევროკავშირის შიდა ბაზართან და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებისა და სამოქალაქო კრიზისის მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

ევროკავშირი მადლიერებას გამოხატავს პარტნიორების ქვეყნების CSDP მისიებში მონაწილეობისთვის და უსაფრთხოების ფორმატებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მზადყოფნას გამოთქვამს.

„გარდა ამისა, დოკუმენტში გამოყოფილია თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები: ადამიანური კაპიტალის განვითარება, მათ შორის დუალური განათლების ხელშეწყობით; სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება; ევროკავშირის ციფრული ბაზრის სიკეთეების გავრცელება პარტნიორ ქვეყნებზე და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა; გარემოსა და კლიმატის დაცვა, ენერგოეფექტურობა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ჯანდაცვის სისტემის მედეგობის გაძლიერება, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის შედეგების გათვალისწინებით.

საერთო დღის წესრიგში უცვლელი რჩება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე თანამშრომლობა, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს დასკვნითი დოკუმენტი საფუძვლად დაედება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტის დეკლარაციას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.