საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განხორციელდა პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის – „გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, განხორციელდა პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის – „გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი“ (Crossroads Diplomacy Network), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების – ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინიციატივა ახალგაზრდა დიპლომატებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.
„ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ახალგაზრდა დიპლომატებს ერთმანეთთან შეხვედრის, გამოცდილების გაზიარების, საერთო გამოწვევებზე მსჯელობის, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცემოდათ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდ მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით პროფესიული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
„ჩვენს ქვეყნებს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტები, ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა აკავშირებს. შუა დერეფანი სულ უფრო მზარდი დაკავშირებადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ცენტრალურ აზიის, საქართველოსა და სხვა რეგიონებისთვის. მაშინ როცა ინფრასტრუქტურა აკავშირებს ჩვენს ეკონომიკებს, მსგავს ინიციატივებს ადამიანების დაკავშირება შეუძლიათ. თქვენი აქ ყოფნა განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, რადგან სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც იქნებით მომდევნო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმსაზღვრელები. თქვენს მიერ დღეს ჩამოყალიბებული ურთიერთობები შესაძლოა მომავალი თანამშრომლობის საფუძვლად იქცეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნული პროგრამა პირველად განხორციელდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ახალგაზრდა დიპლომატებისთვის და რეგულარულ ხასიათს მიიღებს. ინიციატივის მიზანია საქართველოსა და სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.