საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 21-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 21-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 21-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს «კონფლიქტი საქართველოში», რომელიც განხილული იყო 2020 წლის 22 აპრილს გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე (COVID-19-ის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე ვიდეო–კონფერენციის ფორმატით). ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური მდივნის ანგარიში მოიცავს 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს და აღწერს საანგარიშო პერიოდში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, რასაც ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული უკანონო ქმედებები იწვევს.

„ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. „ადგილზე უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია, მით უფრო, 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ჩორჩანა-წნელისის მხარეში უსაფრთხოების მძიმე გამოწვევებიდან გამომდინარე. ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, განსაკუთრებით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვების, ძირითად მომსახურებაზე წვდომის შეფერხების გამო“ – ნათქვამია ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს დაუცველი ჯგუფების ჰუმანიტარული დახმარების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფს კი ახალგორის და გალის რაიონში მცხოვრები ქართველები წარმოადგენენ. აგრეთვე ხაზგასმულია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ კოვიდ-19 პანდემიის გამო სრულად დაიკეტა ე.წ გამშვები პუნქტები.

ანგარიში ეხმაურება ცნობილი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს და აღნიშნავს, რომ ამან გამოიწვია შეშფოთება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, რასაც ორთვიანი თვითნებური დაკავების შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოჰყვა.

მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის ანგარიში აქცენტს აკეთებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სხვა სოციალური დახმარების შესაძლებლობების შესაქმენლად მიმართულ ძალისხმევაზე. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში გათვალისწინებული “მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ საქმიანობას 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. აღნიშნულია, რომ ინიციტივა განათლების, ვაჭრობის და გადაადგილების შესაძლებლობების შექმნით, ხელს შეუწყობს დიალოგის დაწყებას და შერიგების პროცესს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე 21-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის ფარგლებში გავრცელდა ქართული მხარის განცხადება.

„ქართულმა მხარემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი უგულებელყოფს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას და აწარმოებს საშუალო და ფართომასშტაბიან წვრთნებს.

განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია კიბერ სფეროში საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ერთ–ერთ ბოლო ფაქტზე, კერძოდ 2019 წლის ოქტომბერში, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ მიზანმიმართულ კიბერშეტევაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას.

ქართული მხარე ხაზს უსვამს, რომ ადგილზე არსებული ვითარება უარესდება ხელოვნური ბარირიების აღმართვის უკანონო პროცესის გამო, რაც მდგომარეობის დესტაბილიზაციას იწვევს და მოსახლეობას აიძულებს, დატოვოს საკუთარი სახლ-კარი. სიტუაცია კიდევ უფრო საგანგაშოა,  როცა მთელი მსოფლიო ჩართულია კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსეთი კვლავ აგრძელებს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღამრთვის უკანონო პროცესს.

ქართული მხარის განცხადება ხაზს უსვამს, რომ ცხინვალის რეგიონის სრული იზოლაცია გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა დაკეტა ე.წ „გამშვები პუნქტები“ და შექმნა ჰუმანიტარული კრიზისი, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებიც ცნობით, განცხადება ასევე საუბრობს ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.

„სიცხოცხლის ხელყოფის მუდმივი შიში, უკანონო დაკავება და გატაცება, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა არის შემაშფოთებელი რეალობა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად ხვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მხარის განმარტებით, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და ამ მხრივ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები არის ოკუპირებული რეგიონების მიმართ ჩართულობის პოლიტიკის ნათელი მაგალითი, რაც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. კოვიდ-19 პანდემიის გავრცელების ურთულესი პირობების გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება მზადაა სრულფასოვანი დახმარება გაუწიოს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს.

ამასთანავე, განცხადებაში ქართული მხარე ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოება იყოს მყარი, და ერთიანი და გააკეთოს მკაფიო გზავნილი, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევა მიუღებელია და მოსკოვმა უნდა  შეცვალოს თავისი აგრესიული პოლიტიკა.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას განცხადებები გავრცელდა ევროკავშირის და სუამის სახელით. ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის 21-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს. განცხადებაში ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი დაშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სუამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოხატულია წუხილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით გავრცელებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“, მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.