საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მოადგილეებად მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნენ.
მიხეილ ნინუას გააჩნია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2005-2006 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; მას შემდეგ ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები.
მიხეილ ნინუა სხვადასხვა დროს იყო ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
2010 წელს საქმიანობა განაგრძო კანადურ-ბრიტანულ ნავთობსაძიებო კომპანია Tethys Petroleum Limited- ში, სადაც ჯერ ტაჯიკეთში არსებული კომპანიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2013 წლიდან 2016 წლამდე წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ კომპანიას ყაზახეთის რესპუბლიკაში.
2015-2017 წლებში იყო ტაჯიკეთის რესპუბლიკის ნავთობ-საძიებო კომპანიის Skyland Petroleum Group საოპერაციო დირექტორი; 2017 წლიდან კი, კომპანია Avenue Construction Georgia-ის დირექტორი.
ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატია. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს.
მას აქვს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება – 2011-2014 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი იყო, ხოლო 2010-2011 წლებში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.
ალექსანდრე ხვთისიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს იყო ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოს მრჩეველი.