საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვიმედოვნებ, საქართველო-ბრაზილიის ურთიერთობა უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვიმედოვნებ, საქართველო-ბრაზილიის ურთიერთობა უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაციონალური დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესუბლიკის ელჩმა, სისერო მარტინს გარსიამ.

ხათუნა თოთლაძემ, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრაზილიელ ხალხს ნაციონალური დღე მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. მან ხაზი გაუსვა რომ 2018 წელს საქართველო და ბრაზილია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი ზეიმობს და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს ვინც წვლილი შეიტანეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

„მოხარული ვარ ავღნიშნო, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ვზეიმობთ. სიმბოლური დატვირთვის გარდა აღსანიშნავია, რომ ეს წლები მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, კულტურის და განათლების მიმართულებებით ურთიერთობების განვითარების კუთხით. ჩვენ მუდამ ვეძებთ ახალ გზებს ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.

ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით მან ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკისა და მიმდინარე წელს ჩატარებული საქართველო-ბრაზილიის ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობაზე.

მინისტრის მოადგილემ გამოთქვა იმედი, რომ მომავალი 25 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ორმხრივი ურთიერთობების კუთხით.

„დარწმუნებული ვარ რომ მომავალი 25 წლის განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მჭიდრო ურთიერთობა, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები კიდევ უფრო მჭიდროს და განსაკუთრებულს გახდის ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ბრაზილიურ მხარეს საქართველოს ტერიტოიული მთლიანობის და სუვერენტიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.

საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.