საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს შეხვდა

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს, ტარო კანოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ტარო კანოს საქართველოს მხარდაჭერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოში სტუმრობისთვის. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი, ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარების დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით, ამ სფეროში საქართველოს კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების გათვალისწინებით.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა მმართველობითი სისტემის რეფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისობას გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან. მათ შორის, აღინიშნა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯები ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემო, განსაკუთრებით კი, მზარდი ინტერესი სხვადასხვა ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების მიმართულებით და მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკა მათ ხელშესაწყობად.