საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკკა ჰაავისტოს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გაწეულ სამუშაოებზე, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

„მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასების ანგარიშს და აღნიშნეს ის პროგრესი, რაც საქართველოს ამ გზაზე აქვს. ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის და საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ნატო-ში ინტეგრაციას და ამ კუთხით ურთიერთგამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. ფინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, – აღნიშნულია საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.