საქართველოს საელჩოებმა უკრაინასა და სლოვენიაში საქართველოს მოქალაქეები პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს
საქართველოს საელჩოებმა უკრაინასა და სლოვენიაში საქართველოს მოქალაქეები პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, უკრაინასა და სლოვენიაში საქართველოს საელჩოებმა დროებითი საცხოვრებლით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი თქმით, მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.

„უკრაინაში საქართველოს საელჩოს უშუალო ჩართულობით და დახმარებით სამშობლოში გამოემგზავრა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე, როგორც საჰაერო, ისე საზღვაო გზით. ასევე, საქართველოს საელჩომ უკრაინის ტერიტორიაზე შემოიყვანა და საქართველოში გამოამგზავრა მოლდოვაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები.

სლოვენიაში საქართველოს საელჩომ დახმარება გაუწია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, სლოვენიის ტერიტორიის გავლით, ავტომანქანებით მოემგზავრებოდნენ საქართველოს მიმართულებით და შემოღებული რეგულაციების გამო ვერ შეძლეს სლოვენიის საზღვრების დატოვებას. საელჩომ ისინი უზრუნველყო დროებითი თავშესაფრით და საკვებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილსამყოფელის და პროდუქტების ხარჯებს საქართველოს საელჩოები საკუთარი სახსრებით ანაზღაურებენ“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება.