საქართველოს საელჩო საბერძნეთის ციხეში მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო საბერძნეთის ციხეში მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო საბერძნეთის ციხეში მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის მოხდა დაპირისპირება. დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს.

საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა, კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი