საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო
საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს 12 უმსხვილესი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გაფორმდა კონტრაქტი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ კონტრაქტს სახელმწიფოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70 პროცენტამდე გარანტირებას, რაც გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.

სამინისტროს განმარტავს, რომ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

„აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში, კერძოდ საკრედიტო საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად.

საქართველოს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ძირითადი პრინციპები და მახასიათებლები შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საკრედიტო-საგრანტიო სქემის ეფექტიანობას და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის გენერირებას“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი