„საქართველოს რკინიგზა“ - საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა
„საქართველოს რკინიგზა“ - საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა

„საქართველოს რკინიგზისა“ და „აზერბაიჯანის რკინიგზების“ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული სახელმწიფო და კერძო კომპანიები – „აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო“, „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტი“, დიუბენდისა და ბათუმის ნავთობტერმინალები.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი „საქართველოს რკინიგზა“ იყო, თურქმენული ნავთობისა და ნავთოპროდუქტების საქართველოს დერეფნის გავლით სეზონური ტარიფებით გადაზიდვის განხორციელების მიზნით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მხარეებმა აღნიშნული ტვირთების პერმანენტული გადაზიდვისთვის „ვოლგა დონის“ საზღვაო მარშრუტთან მიმართებაში სეზონური და გამჭოლი ტარიფი შეიმუშავეს, რითაც წლის განმავლობაში „ვოლგა დონის“ მარშრუტთან კონკურენცია შესაძლებელი გახდა.

„ინტენსიური განხილვის შედეგად, ინიცირებულ საკითხზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით კონკურენტული, ერთიანი ტარიფები შეთანხმდა თურქმენული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისათვის“, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის შეფასებით, საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა.

შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს და ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა.