საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე თანამდებობას ტოვებს
საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე თანამდებობას ტოვებს

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ლაშა (ბაჩო) ხურციძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ხურციძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს განცხადებით მიმართა, რომელშიც საკუთარ გამოცდილებაზე, წარმატებულ პროექტებსა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.

„ნებისმიერი წარმატების საწინდარია ჯანსაღი საკადრო პოლიტიკა, გააზრებული პროექტები და ქმედითობა, ხოლო არასწორი მენეჯმენტი, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკა, ინერტულობა, რასაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, უამრავ პრობლემას გვიქმნის როგორც ზოგადად, ისე მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესშიც. ქართული რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ და სხვა პრობლემებზე, არაერთხელ ღიად დაგიფიქსირეთ ჩემი პოზიცია, შემოგთავაზეთ გულწრფელი რჩევები და ჩემი პირადი გამოცდილების გაზიარება. თუმცა, ურთიერთთანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება არჩიეთ, შესაძლოა, თქვენი მხრიდან ჩემი კონკურენტად დასახვის გამომიმდინარე წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში. ღია ბრძოლის გამოცხადება მეტად კრიტიკულ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პირველი შეკრება დაიწყო, ჩემი ჩამოშორება მზადების ამ მნიშვნელოვან პროცესში მსოფლიო რაგბისთან კომუნიკაციისგან; ჩემი ამოღება ჩემპიონატზე მიმავალი დელეგაციის შემადგენლობიდან, რომლის ხელმძღვანელადაც ვიყავი წარდგენილი, დაბოლოს, ვაკანსიის გამოცხადება ამჟამად ჩემს მიერ დაკავებულ პოზიციაზე, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს გასაკეთებელი საქმის მიმართ. ამგვარმა მმართველობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართული რაგბის ასე სათუთად ნაშენებ რეპუტაციასა და იმიჯს, შეარყია მისი ფუნდამენტი“, – ნათქვამია ბაჩო ხურციძის განცხადებაში.

ასევე, ხურციძე წერს, რომ იგი საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008 წლიდან მუშაობდა. წარსულში იგი საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის და ოპერაციული დირექტორის პოსტს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ  20 სექტემბერს იაპონიაში იწყება რაგბის მსოფლიო თასი, რომელსაც საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.