საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვასთან ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ირის ანტამანის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნითი მატჩი სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართეს, 1:0 გაიმარჯვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.
ქალაქ დრუსკინინკაიში ჩატარებული შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, რადგან ორივე გუნდს შვიდი ქულა ჰქონდა და გამარჯვებული საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თამაშის შანსს მიიღებდა.
შეხვედრის ბედი 88-ე წუთზე გადაწყდა. თეონა ბაქრაძის წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მაიკო ბებიამ უნაკლოდ შეასრულა, მან გუნდს სამი ქულა და მეორე ადგილი მოუტანა.
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ხუთივე ჯგუფის გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.
ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 10 ქულით დაასრულა და საკვალიფიკაციო ეტაპის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.