საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, საქართველომ ვარშავის კონვენციის დამატებით ოქმს ხელი მოაწერა

19:00, 14.10.2026

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, სტრასბურგში, საქართველომ ხელი მოაწერა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (ვარშავის კონვენციის) დამატებით ოქმს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოქმი ხელმოსაწერად 14 ოქტომბერს გაიხსნა და საქართველო მის პირველ ხელმომწერებს შორის იყო. საქართველოსთან ერთად ოქმს ხელი მოაწერეს დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, მონაკომ, მონტენეგრომ, საბერძნეთმა, სან-მარინომ, უნგრეთმა და ევროკავშირმა.

„საქართველოს პროკურატურა ოქმის ხელმოწერისთვის მოსამზადებელი პროცესის წარმმართველი უწყება იყო. საქართველოს სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ხატია წილოსანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, გიორგი მიქავა და გივი ბაღდავაძე.

დამატებითი ოქმი აუმჯობესებს დანაშაულებრივი ქონების გამოვლენის, მოძიების, ჩამორთმევის, მართვისა და დაბრუნების მექანიზმებს. იგი ხელს უწყობს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდას.

ამასთან, ოქმი ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებს“,- აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

მსგავსი