საქართველოს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებად და მასში მონაწილეობად გადააკვალიფიცირა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება. აგრეთვე დაზიანდა თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.

პროკურატურამ სამ პირს ბრალდება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა), ხოლო ხუთ პირს ბრალდება 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა.

სასამართლოს განაჩენით, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულების ქმედება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან, რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა) და ბრალდებულ 3 პირს – 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო 5 პირს კი სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებულთაგან ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს  კი – ორი წლით.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. მან ბრალდებულებითვის სსკ-ის 225-ე მუხლით წაყენებული ბრალი 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში მონაწილეობას.