საქართველოს პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიის პრემიერთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კოვიდის შემდგომ ახალ მსოფლიო ეკონომიკურ რეალობასა და უსაფრთხო ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას. სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა სურვილი დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დანიის პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსთან ბრძოლისას საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და დანიაა, მულტილატერალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა ქვეყნებმა ერთად იბრძოლონ გლობალური პრობლემების წინააღმდეგ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციისათვის საჭიროა, გადაიდგას უფრო კონკრეტული ნაბიჯები“, – აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და შავი ზღვის როლს სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.