საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდება
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდება

პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე შეუწყვეტს.

სალომე ზურაბიშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ის იკავებდა დიასპორის საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტს.

რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე, აპრილში ჩატარდება.

შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, შუალედური არჩევნები აპრილის ბოლოს ჩატარდება. მისი თქმით, მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

„კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, რადგან წინ რამდენიმე თვეა. ვიბრძოლებთ, რომ ეს მანდატი მოვიპოვოთ”, – განაცხადა კახიანმა.