ირაკლი კობახიძემ საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ირაკლი კობახიძემ საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარე სამუშაობი მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გააცნო.

კახეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17კმ-იან მონაკვეთზე ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები, გზის საფუძვლის მოწყობა, კომუნიკაციების და სამელიორაციო სისტემების გადატანა, რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობა, რკინაბეტონის წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში შენდება ახალი სატრანსპორტო კვანძი სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი.

საგარეჯო-ბადიაურის 4-ზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია ყველაზე მნიშვნელოვან, 35 კმ-იან მონაკვეთზე. საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 276.7 მილიონი ლარია.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.