საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შორის შეხვედრისას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს.

„აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში თურქეთის მხრიდან გაწეულმა პრაქტიკულმა დახმარებამ განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა მრავალეროვნული ერთობლივი სამხედრო წვრთნების როლზე თავდაცვის მექანიზმების განმტკიცებისა და საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფაში და მათში მოკავშირეებისა და მეგობრების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დაცვით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში  გადაწყვეტას და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.