საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანი წარმატებას და განვითარებას მოუტანს სომხეთს და სომეხ ხალხს.

„მინდა მივესალმო სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. მიხარია, რომ ჩემი ძვირფასი კოლეგა სტუმრობს დღეს თბილისს. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩემს კოლეგას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებას და განვითარებას მოუტანს სომხეთს და სომეხ ხალხს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისში სტუმრობა კარგი შესაძლებლობაა რეგიონული და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხების განსახილველად.

„ღრმადპატივცემულო ბატონო პრემიერო, უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა საქართველოს დედაქალაქ თბილისში სტუმრობა, ვინაიდან ეს კარგი შესაძლებლობაა, შევხვდე კარგ მეგობრებს, განვიხილოთ რეგიონული და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას და მთავრობებს შორის არის მჭიდრო ურთიერთობები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს და გააუმჯობესებს ამ ურთიერთობების ხარისხს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად გაგრძელდა. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში.

მხარეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ მედიაციაზე ისაუბრეს, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ: სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სერენ პაპიკიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, სომხეთს რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ხოლო, საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტირის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი