საქართველოს პირველმა არხმა თანამშრომლებისთვის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა [ფოტო]
საქართველოს პირველმა არხმა თანამშრომლებისთვის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა [ფოტო]

საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა ტრადიციულად, თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

დღეს გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოვეს თანამშრომლები, რომელბმაც არხზე 40 წელზე მეტი იმუშავეს. მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ოქროს საშვები, იმის დასტურად, რომ მათთვის ტელევიზიის კარი ყოველთვის ღიაა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ 30 დეკემბერს პირველი ტელევიზიის დაბადების დღეა და ამ დღეს ღონისძიება ტრადიციულად იმართება.

„30 დეკემბერს არის პირველი ტელევიზიის დაბადების დღე და ყოველ წელს აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩვენს თანამშრომლებს, რომლებსაც ამ დაწესებულებაში მუშაობის ორმოცი წელი შეუსრულდათ, გადავცემთ სიმბოლურ საჩუქრებს და ოქროს საშვებს. ასევე გვაქვს გათამაშება, წინასაახალწლო განწყობა – ვაჯამებთ წელიწადს. წლევანდელი წელი იყო გამორჩეული საქართველოს პირველი არხისთვის. მან ძალიან ბევრი ცვლილება განიცადა და ამით ძალიან ამაყი ვართ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გათამაშება, სადაც თანამშრომლებმა სხვადასხვა პრიზი მოიგეს.