საქართველოს პირველი არხის თანადაფინანსებით, „სტოქსის“ რეჟისორი გია ბარაბაძე ახალ მხატვრულ ფილმს იღებს

საქართველოს პირველი არხის პოპულარული და აღიარებული დოკუმენტური ტელესერიალის – „სტოქსის“ რეჟისორი გია ბარაბაძე ახალ ფილმზე მუშაობს.

სურათის სახელწოდება „გვიანი შემოდგომა“ იქნება. სურათი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტზე გვიამბობს. ფილმში მოქმედება 1998 წელს ვითარდება, როდესაც ქალაქგარეთ მცხოვრები ორი ფიზიკოსი პრეზიდენტის აფეთქებას გადაწყვეტს. ისინი იწყებენ ასაფეთქებელი მოწყობილობის გაკეთებას, თუმცა „ბომბის შექმნის“ ისტორია მათთვის ტრაგიკულად სრულდება.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასრულებას რეჟისორი მაისში გეგმავს, ფილმის სატელევიზიო ვერსია ოთხსერიანი იქნება და მისი პრემიერა საქართველოს პირველ არხზე შედგება.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ქართული ფილმი და სერიალები ყოველთვის არის და იქნება საქართველოს პირველი არხის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი.

​კოპროდუქციაში ჩვენ ვმონაწილეობთ, როგორც თანადამფინანსებლები, ასევე მთლიანად ვაფინანსებთ და ვიღებთ. ძალიან ინტენსიურ ხასიათს იღებს სერიალების გადაღება. შარშან დავასრულეთ 16-სერიანი დოკუმენტური სერიალი. წელს უკვე რამდენიმე მხატვრულ სერიალს ვიღებთ. ერთ-ერთი არის სწორედ ფილმი „გვიანი შემოდგომა“. კიდევ ორ მხატვრულ სერიალს ვიღებთ. ისტორია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება და ვფიქრობთ, ორ-სამ თვეში შეიძლება, კიდევ ერთ მხატვრულ სერიალზე ვილაპარაკოთ. დოკუმენტური მიმართულებითაც ძალიან სერიოზული განზრახვები გვაქვს. ისევ ვიმეორებ, ისტორიის თვალსაზრისით. უკვე მზადების პროცესშია ფილმის სცენარი, რომელიც სვანეთში ხალდეს აჯანყებას ეხება. ჩვენ კინოწარმოების მხრივ საქართველოსთვის ძალიან დიდ მასშტაბებზე გავალთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.