საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ხელმძღვანელებსა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრებს უმასპინძლა
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ხელმძღვანელებსა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრებს უმასპინძლა

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის ხელმძღვანელებსა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში სომეხ კოლეგებს თინათინ ბერძენიშვილმა მაუწყებლის საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ტელევიზიებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენი საერთო გვაქვს რეგიონში და რამდენი შესაძლებლობა, ვიმუშაოთ ერთად. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ კოპროდუქციაზე, რადგან სომხეთის მედია გაჯერებულია სერიალებით და მედიაინდუსტრია ამ მხრივ ძალიან პროგრესულია, ამიტომ ვისაუბრეთ, რომ აქტიურად მოხდეს საქართველოდანაც ჯგუფების დაკავშირება. ძალიან ბევრი გვაქვს საერთო და სწორედ ეს საერთო უნდა წარმოვაჩინოთ. ზოგადად, მედიის მიმართულებით ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, თუმცა არის გამოცდილებაც, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ არა შორეული ქვეყნებიდან, არამედ ძალიან ახლო სამეზობლოდან“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან ჰაკობიანის თქმით, საქართველოს პირველ არხს ბოლოს 15 წლის წინ ესტუმრა და მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი.

„შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ჩვენ ვნახეთ, რომ წინსვლაშიც, წარმატებაშიც და გამოწვევებშიც ძალიან ბევრი საერთო აქვთ ჩვენი ქვეყნების მაუწყებლებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტელევიზია და ჩვენი ტელევიზია ძალიან კარგად მუშაობენ. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პატივისცემა და დავრწმუნდით, რომ ერთობლივი პროექტები, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა აუცილებლად გაგრძელდება. საზოგადოებრივ მაუწყებელს ვუსურვებ, მაყურებლისთვის მუდამ იყოს სანდო და ობიექტური ინფორმაციის მიმწოდებელი“, – განაცხადა ტიგრან ჰაკობიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიოს კომისიის წარმომადგენლები საქართველოში ორდღიანი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. მარეგულირებლებს შორის მედიისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა