საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი იდუკაშვილი ოპერატორ ბესო გაფრინდაშვილის აქციაზე დაშავებასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი იდუკაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საქმე ეხებოდა 4 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პირველი არხის ოპერატორის, ბესო გაფრინდაშვილის დაშავების ფაქტს, რა დროსაც იდუკაშვილი გაფრინდაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე მუშაობდა.
ვიდეოკადრებიდან ჩანს, როგორ ესროლა დამიზნებით აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბესო გაფრინდაშვილს პიროტექნიკა, რის შემდეგაც მას ხელი დაუზიანდა.
გიორგი იდუკაშვილმა საგამოძიებო უწყებას მიაწოდა ინფორმაცია, რა ვითარებაში დაშავდა ოპერატორი.
„კითხვები ძირითადად ჰქონდათ იმაზე, რა დროს მივედი აქციაზე, როდის დაიძაბა ვითარება და რა ვითარებაში დაშავდა ბესო. მივაწოდე ინფორმაცია, რომ უშუალოდ მე არ დამინახავს, როდის გვესროლეს, თუმცა კადრების გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით გვესროლა. ასევე კითხვები იყო იმის შესახებ, მეც ხომ არ მივიღე დაზიანება, რაზეც ვუთხარი, რომ მე არაფერი მომსვლია“, – განაცხადა იდუკაშვილმა.
გასულ კვირას გამოიკითხა თავად ოპერატორიც. უწყებაში გამოძიება მიმდინარეობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით.