საქართველოს პირველი არხი ვენის ფილარმონიული ორკესტრის საახალწლო კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას პირველ იანვარს უზრუნველყოფს

საქართველოს პირველი არხი ვენის ფილარმონიული ორკესტრის საახალწლო კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას პირველ იანვარს უზრუნველყოფს. ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომლის წევრიცაა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ხუთწლიანი შეთანხმება აქვს გაფორმებული, რომელიც კავშირს წელიწადში სამი კლასიკური კონცერტის ტრანსლაციის უფლება ანიჭებს. აღნიშნულ კონცერტს ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

ყოველწლიურად, ორკესტრი განსხვავებულ პროგრამას ასრულებს, რომელშიც წარმოდგენილია იოჰან შტრაუსის ოჯახის ფართო რეპერტუარი მსოფლიოს წამყვანი დირიჟორების ხელმძღვანელობით.

ვენის ფილარმონიული ორკესტრის 2020 წლის საახალწლო კონცერტს ანდრის ნელსონი უხელმძღვანელებს. ის ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი და ლაიფციგის ორკესტრის კაპელმაისტერია. ნელსონი ვენის ფილარმონიასთან 2010 წლიდან თანამშრომლობს.

2020 წლის ვენის საახალწლო კონცერტის ტელეტრანსლაცია 90 ქვეყანაში განხორციელდება.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ვენის ფილარმონიული ორკესტრის საახალწლო კონცერტს პირველ იანვარს, 14:15 საათზე შესთავაზებს.