საქართველოს პირველი არხი სხვადასხვა თაობის თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს მასპინძლობს

საქართველოს პირველი არხი დღეს სხვადასხვა თაობის თანამშრომლებს, ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს მასპინძლობს.

„მადლობა ერთგულებისთვის“ – ამ სახელწოდების ღონისძიება საქართველოს პირველი არხის შენობის ერთ-ერთ უძველეს, პირველ სტუდიაში შედგა.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დღეს ტელევიზიას სტუმრობენ ის ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან უყვართ ტელევიზია.

„პირველ არხს შეუსრულდა 66 წელი. დღეს ტელევიზიაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობდნენ, რომლებსაც ძალიან უყვართ ტელევიზია. ისინი სიმბოლურად შეიკრიბებიან პირველ სტუდიაში, სტუდიას ეს სახელი სწორედ მათ დაარქვეს. ვფიქრობ, ძალიან თბილი საღამო გველოდება. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ 66 წლის ისტორია და მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან გვიყვარს, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ, მუშაობენ და მომავალშიც იმუშავებენ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ ტელეარხს – პირველი არხი, ტელესკოლა; ორ რადიოს – საქართველოს რადიო, საქართველოს რადიო მუსიკა; ონლაინ პლატფორმას 1tv.ge და არაერთ ციფრულ პროდუქტს აერთიანებს.