საქართველოს პირველ არხზე ბელარუსთან შეხვედრას ჩივაძე და ქინქლაძე გაარჩევენ
საქართველოს პირველ არხზე ბელარუსთან შეხვედრას ჩივაძე და ქინქლაძე გაარჩევენ

საქართველოს პირველ არხზე საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების 26 მარტს დანიშნულ მატჩს ცნობილი ქართველი ფეხბურთელები, ალექსანდრე ჩივაძე და გიორგი ქინქლაძე გაარჩევენ – ეს ამბავი დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში გაჟღერდა.

საქართველოს ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ვარსკვლავი გადაცემის თანაწამყვანის, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელის, ვლადიმერ გუცაევის მიწვევას დათანხმდა, რომელმაც 26 მარტის გადაცემაში მონაწილეობა შესთავაზა.

ვლადიმერ გუცაევი: „ჩვენ გვინდა, რომ 26 მარტის მატჩამდე ბელარუსში ჩავიდეთ და ვაჩვენოთ, როგორ ემზადებიან ამ თამაშისთვის. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთი დიდი ბაზა აქვთ, სადაც 20-მდე მინდორია – ეს უნდა ვაჩვენოთ, ასევე, მათი ფედერაციის პრეზიდენტთან გვინდა გასაუბრება, მთავარ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან, როგორ ემზადებიან და რა მიზნები აქვთ. 26 მარტს, ბელარუსთან შეხვედრამდე გადაცემა გვექნება და მინდა აქვე მოგიწვიო, სადაც ვიქნებით მე, საშა ჩივაძე, თქვენ და კიდევ ორი ჩვენი კოლეგა, ვინც დიდი ფეხბურთი ითამაშა და ვინც იცის, რა ხდება მინდორზე“.

„მე და ჩვენს თაობას ფეხბურთი თქვენი დროის თბილისის „დინამოთი“ შეგვიყვარდა და ჩემთვის დიდი პატივია, გადაცემაში რომ მომიწვიეთ. მინდა, ახალ ამპლუაში წარმატება გისურვოთ. თქვენ მაძლევდით დიდი სტიმულს და ახლა უარს ვერ გეტყვით. ამიტომ, ახლავე გეუბნებით სიამოვნებით – კის“ – აცხადებს გიორგი ქინქლაძე.

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების ერთმანეთს 26 მარტს, თბილისში „დინამო-არენაზე“ დაუპირისპირდებიან. ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.