საქართველოს პირველ არხსა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პირველ არხსა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც კურსდამთავრებულებს მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენების საშუალებას მისცემს.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, სტუდენტებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში სტაჟირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, პრაქტიკული სამუშაოები გაიარონ მედიაორგანიზაციაში, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელში, სადაც ჟურნალისტიკის ყველაზე მაღალი სტანდარტია დაცული.  ჩვენი კუთხით კი შევთავაზებთ, რომ ეს პრაქტიკული სამუშაოები იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მთავარია, მათთვის ბევრის მომტანი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სტუდენტების სტაჟირება საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც ამკვიდრებს ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტს.

„სტუდენტებზეა ორიენტირებული ეს და ვფიქრობ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტაჟირება, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე სატელევიზიო არხზე, მით უმეტეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც, ვფიქრობ, სრულიად მიზანმიმართულად ამკვიდრებს ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტს“, – განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

როგორც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა, ზვიად დოლიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელში სტაჟირება სტუდენტებისთვის იქნება საშუალება, უკეთ დაეუფლონ პროფესიას.

„სტუდენტებს ამ მემორანდუმის მიხედვით მიეცემათ საშუალება, გაიარონ გარკვეული სტაჟირება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს მათთვის იქნება შესანიშნავი საშუალება, რათა უფრო კარგად დაეუფლონ პროფესიას“, – განაცხადა ზვიად დოლიძემ.

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და მასკომუნიკაციის მიმართულების პროფესორის, გიორგი ჩართოლანის თქმით, სტაჟირება, ერთი მხრივ, წაადგებათ სტუდენტებს, მეორე მხრივ, კარგი საშუალება იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, შეივსოს ახალი კადრებით.

„ძალიან ბევრი სტუდენტი სწორედ აქ დასაქმდა. ეს არის ყველაზე მთავარი დამსაქმებელი ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის. ის პრაქტიკა, რომელსაც ისინი აქ მიიღებენ, უპირველეს ყოვლისა, წაადგებათ სტუდენტებს, ასევე, ვფიქრობ, გამოადგება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რადგან ახალი კადრებით შევსება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გიორგი ჩართოლანმა.

ცოტა ხნის წინ საქართაველოს პირველმა არხმა თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე გააფორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. დაგეგმილია პარტნიორობა სხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებიც სტუდენტებს მედიის მიმართულებით სთავაზობენ აკადემიურ პროგრამებს.