საქართველოს პირველ არხს მოლდოველი ჟურნალისტები ესტუმრნენ
საქართველოს პირველ არხს მოლდოველი ჟურნალისტები ესტუმრნენ

საქართველოს პირველ არხს მოლდოველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი ჟურნალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობა და გენდერული საკითხების გაშუქების გამოცდილების შესწავლაა.

ჟურნალისტები საქართველოს პირველი არხის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. ასევე, ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტია. საუბარი შეეხო, როგორ უნდა იყოს გადაცემებში ინტეგრირებული სენსიტიური თემები და რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, მოლდოველ ჟურნალისტებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

„გარდა იმისა, რომ გავუზიარეთ, როგორ ვმუშაობთ და რა გვაქვს მიზნები და ამოცანები. ვისაუბრეთ თანასწორობაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გარკვეულად პრიორიტეტია, გენდერულ თანასწორობაზე, რომელზეც ჩვენ, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე ორგანიზაციის გარეთ აქტიურად ვმუშაობთ. ვგულისხმობთ იმას, თუ როგორ უნდა იყოს გადაცემებში ინტეგრირებული ძალიან სენსიტიური თემები. მათ შორის, ვისაუბრეთ, როგორ შეუძლია ისეთ ინდუსტრიას, როგორიც არის სერიალები, საუკეთესო სახით წარმოაჩინოს ძალიან მტკივნეული თემები. ასევე, მოვისმინეთ მოლდოვის ჟურნალისტებისგან, რა პრობლემები არის მათ ქვეყანაში. ძალიან ბევრი გვაქვს საერთო“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მოლდოველი ჟურნალისტები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით ჩამოვიდნენ.