საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ახალი საკომუნიკაციო რესურსები წარადგინა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს წარადგინა განახლებული ვებგვერდი, საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა და საინფორმაციო ვიდეო, რომლებიც პერსონალური მონაცემების უკეთ დაცვას ემსახურება. სამივე საინფორმაციო პროდუქტი ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შეიქმნა.
ღონისძიება გახსნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, მუნხტუია ალთანგერელმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.
„საქართველოში უკვე მეექვსედ აღინიშნება პერსონალური მონაცემების დაცვის დღე. ეს არის დღე, სადაც მსოფლიო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას. ყოველთვის სხვადასხვანაირად აღვნიშნავთ ამ დღეს. ახალი პროექტი არის საქმის წარმოების ახალი სისტემა, რომელიც როგორც ორგანიზაციებთან, ასევე მოქალაქეებთან კომუნიკაციას ამარტივებს. დარწმუნებული ვარ, დაგვეხმარება ყოველგვარი ბიუროკრატიული მექანიზმების გარეშე სწრაფად მოვახდინოთ მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და მათ ექნებათ საშუალება, ონლაინრეჟიმში ნახონ, რა ეტაპზეა მათი განცხადება.
მეორე პროდუქტი ეს არის ვებგვერდი, ყველა ტიპის ადამიანზე გათვლილი, ინტერაქტიული და ინფორმაციით დახუნძლული.
მესამე პროდუქტი არის ვიდეოკლიპი და იმედი მაქვს, როგორც სოციალურ ქსელით, ისე მედიის საშუალებითაც გავრცელება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა თანამედროვე ეპოქაში და ჩვენ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ, მინიმუმ გარკვეული პრობლემები მოვაგვაროთ და უფრო მეტად დავხვეწოთ ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკა“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით შეიქმნა ინსპექტორის აპარატის განახლებული ვებგვერდიც. ეს არის თანამედროვე, ინტერაქტიური და მომხმარებლისთვის მეგობრული ციფრული სივრცე, რომელიც თავს უყრის ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის, მოქალაქეთა უფლებების, ორგანიზაციების ვალდებულებების შესახებ და მარტივ ენაზე, მულტიმედიური მასალების, ბლოგების, ვებპროექტებისა და ანიმაციის დახმარებით აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ამასთან, ვებგვერდი სრულად ადაპტირებულია უსინათლო და მცირედ მხედველი მოქალაქეებისათვის.
მონაცემთა დაცვის საერთაშირისო დღე – 28 იანვარი, ევროპის საბჭომ 2006 წელს შემოიღო. საქართველო ამ დღეს უკვე მეექვსედ აღნიშნავს.