საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს
საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.

„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაცნობითი შეხვედრა გავმართეთ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის განიხილება. საუბარი შეეხო საერთო გამოწვევებს, ორმხრივ პროექტებსა და იმ მიმართულებებს, რომლებზეც მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან არის სურვილი და მზაობა კიდევ უფრო გაღრმავდეს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, ეს შეეხება როგორც მეგობრობის ჯგუფების მუშაობას, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებს. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო შედეგიანი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

აზერბაიჯანის პირველ დიპლომატთან გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები დაესწრნენ.

„აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მტკიცე, კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს. გარდა ორმხრივი ფორმატის მჭიდრო თანამშრომლობისა, ჩვენ ასევე, გვაერთიანებს უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი გამორჩეული, კეთილმეზობლური ურთიერთობები უზრუნველყოფს ამ პროექტების წარმატებით განხორციელებასა და ეფექტიანობას, ისევე, როგორც ბევრი ახალი პროექტის რეალიზების შესაძლებლობას“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი