საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი
საქართველოს პარლამენტსა და თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის განახლებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ხელს შეუწყობენ რეგულარული კონტაქტების გამყარებასა და ორმხრივ ვიზიტებს  საკანონმდებლო აქტების შემუშავებისა და მიღების გამოცდილებისა და საპარლამენტო საქმიანობის გამოცდილების მისაღებად. ამას გარდა, ხელისმომწერი მხარეები მოახდენენ კონსულტაციების ორგანიზებას ორმხრივად სასარგებლო საერთაშორისო საკითხებზე, მხარს დაუჭერენ ერთმანეთს საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების ფარგლებში და გააღრმავებენ დიალოგსა და თანამშრომლობას ამ სფეროში.

გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას საქართველოს პარლამენტის აპარატსა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ადმინისტრაციას შორის.

დოკუმენტს ხელი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.