საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დაასრულა

11:16, 07.06.2018

საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის 2018-19 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დაასრულა.

ვალდებულებები მოიცავს პარლამენტის მიერ გაერო-ს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობას და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობას.

დღეს ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა იმართება.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფრუიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ღია მმართველობის საპარლამენტო ღიაობის მესამე სამოქმედო გეგმა დამტკიცდება.

„ასევე, განვიხილავთ მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებს, როგორიც იყო თუნდაც ის, რომ თითოეულ კანონპროექტზე მოქალაქეს გაუჩნდა კომენტარის გაკეთების ფუნქცია და ასევე, პარლამენტს გაუჩნდა ვალდბულება, რომ ამ კომენტარებზე უკუკავშირი მოახდინოს. ასევე, პეტიციების ელექტრონულად წარდგენის საშუალება გაჩნდა მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში; ვიმუშავეთ ახალ ვებგვერდზე და სულ მალე პარლამენტს ექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ვებგვერდი და სხვა მრავალი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტის ღიაობას და საზოგადოების უფრო აქტიურ ჩართულობას პარლამენტის საქმიანობაში“, – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

მისივე თქმით, მუშაობა დაიწყება მესამე სამოქმედო გეგმაზე.

„ეს პარლამენტის კიდევ უფრო მეტ ღიაობას შეუწყობს ხელს, ასევე მისი საზედამხედველო ფუნქციისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას. მესამე სამოქმედო გეგმის ფარგლებში ახალ ვალდებულებებს ავიღებთ, რომელზეც მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც სამოქმედო გეგმა დამტკიცდება. დღეს ასევე საუბარი გვექნება ღია მმართველობის გლობალური სამიტის ორგანიზებაზე. პარლამენტს ექნება ცალკე საპარლამენტო დღე გლობალური სამიტის დროს და ამ საპარლამენტო დღის ორგანიზების საკითხსაც განვიხილავთ. მოგეხსენებათ, საქართველო წელს არის ღია მმართველობის თავმჯდომარე ქვეყანა და მასპინძლობს ღია მმართველობის გლობალურ სამიტს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირინა ფრუიძემ.

საპარლამენტო ღიაობის 2018-19 წლების სამოქმედო გეგმისთვის შემოთავაზებული იდეები საქართველოს შვიდ ქალაქში შეგროვდა.

მსგავსი